ოკუპირებული აფხაზეთში აცხადებენ, რომ "მეორე ფრონტის" შესახებ პლებისციტის ჩატარებაზე ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადება შეშფოთებას იწვევს. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ მისი სიტყვები სარკაზმი იყო.
ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე ითქვა, რომ აფხაზეთი თვალს ადევნებს რეგიონში არსებულ ვითარებას, მათ შორის საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებს.
"რა იგულისხმება "მეორე ფრონტის" ქვეშ, ძალიან კარგად ვხვდებით, და ეს სერიოზულად გვაშფოთებს", - თქვა თქვა ტუჟბამ.
მან თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, "რეაგირება მოახდინონ მსგავს საფრთხეებზე".
ქართული ოცნების თავმჯდომარემ კვლავ დაადანაშაულა უკრაინის ხელისუფლება და ოპოზიცია "მეორე ფრონტის" გახსნის მცდელობაში.
რუსთავი 2-თან ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან ომს არ დაუშვებენ და საკითხთან დაკავშირებით შესაძლო პლებისციტის უკან, რომელიც თავად კობახიძემ ახსენა, დგას ხალხის ერთიანი აზრი, რომ არ სურთ ომი.
"როდესაც საუბარი იყო პლებისციტზე, ამის უკან იდგა ის, რომ საზოგადოებას, ქართველ ხალხს არ უნდა ომი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, შესაძლო შედეგებისა და იმის გათვალისწინებთ, რომ 30 წლის წინანდელის გამეორება არ გვინდა. ჩვენ არ გვინდა აფხაზებთან და ოსებთან ომში შესვლა და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ." - განაცხადა კობახიძემ.
ამავე ინტერვიუში კობახიძემ განაცხადა, რომ დეოკუპაციაზე საუბრისას მნიშვნელოვანია ღირებულებებიც და აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენაც. ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, "როდესაც ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს ის და შეშფოთებულები ვართ, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსია, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს.